ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

სარაევოს კინოფესტივალზე, რომელიც წელს 11-დან 18 აგვისტომდე იმართებოდა, საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი, შაშვი, მაყვალი“, საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო კი, ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს, ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა.

ფილმი თამთა მელაშვილის ამავე სახელის მქონე რომანის ეკრანიზაციაა და პირველად 2023 წლის მაისში აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში - „15 კინემატოგრაფისტი“. ქალების თავისუფლებისთვის ბრძოლისადმი მიძღვნილი ეს ფილმი შვეიცარიული კინოფონდის მხარდაჭერით არის გადაღებული.


რადიო თავისუფლების ცნობით, სარაევოს ფესტივალზე ამ ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებმა წითელ ხალიჩაზე ქართული კინოს მხარდამჭერი პოსტერი გაშალეს და ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესები ასე გააპროტესტეს.
 
„ეს პრიზი მინდა, მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დაუცენზორებელ კინოს,” - განაცხადა ელენე ნავერიანმა ფესტივალის დახურვისას, დაჯილდოების ცერემონიაზე.
 
სარაევოს კინოფესტივალი, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის წამყვან კინოფესტივალად მიიჩნევა.